არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არჩევნები გადამწყვეტი ბრძოლაა სტაბილურობისთვისა და მშვიდობისთვის”

დამოუკიდებელმა  საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს არჩევნები არის ბრძოლა. ზურაბიშვილის თქმით, ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ საქართველომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში თავისი ადგილი დაიბრუნოს.

„საქართველოსთვის იწყება ახალი დიდგორი. ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ. ბევრი რამ გაკეთდა წინა წლებში, დღეს საქართველო სტაბილური ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ კავკასიაში, ევროპაში, მსოფლიოში ჩვენმა ქვეყანამ თავისი ადგილი დაიბრუნოს. არ უნდა დავიჯეროთ, რომ რახან საქართველო პატარა ქვეყანაა და მითუმეტეს ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთაა წასული, ის ვერ მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდგორი პირველ რიგში, რასაც ნიშნავს, ეს არის ჩვენში გაერთიანება, რომ აღარ იყოს ამ ქვეყანაში ისეთი დაპირისპირება, რომელიც დაფუძნებული არის სიძულვილზე, რევანშზე. გაუთავებელმა დაპირისპირებამ ქვეყანა შეიძლება გახლიჩოს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის მიუხედავად ადამიანების თანაცხოვრება ისე, რომ შიგნით არასდროს მომხდარა დაპირისპირება. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელზეც მაგალითად, ისრაელში ამბობენ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი ისრაელის და ებრაელების მიმართ, ეს არის საქართველო, რადგან დანაშაული ამ კუთხით მას არასდროს ჩაუდენია. ეს არის ძალიან დიდი იშვიათობა მსოფლიოში, რადგან პრაქტიკულად ყველგან იყო ასეთი გამოვლინებები. ასევე, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი ისტორიული განძი, რომლითაც მოვდივართ.

ყველა გამოვლინება, ძალადობის, სიძულვილის, დაპირისპირების არის ამ განძის მიმართ დანაშაული, საქართველოს იდენტობის მიმართ დანაშაული. დღეს ვართ, ადგილზე, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. ჩვენ ამით ტოლერანტობის და ერთმანეთის პატივისცემის გზაზე მივდივართ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა დავუბრუნდეთ წარსულს. პირიქით, ამაზე უნდა ავაშენოთ მომავალი საქართველო“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის იქნება ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს ბრძოლაა არამხოლოდ კონკურენტებს შორის, არამედ ბრძოლაა დიდგორის, გადამწყვეტი ბრძოლაა სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის. ეს არჩევანი ყველას გასაკეთებელია. თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი ქვეყანა გინდათ თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. მე ამ სტაბილურობის გარანტი ვიქნები, თუ თქვენს ნდობას დავიმსახურებ, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....