ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოქუაშვილი მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე”

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ლევან ყიფიანი სგამოკითხვის ოქმშია აღნიშბულია, რომ ზოგი საუბარი ოქუაშვილმა და ყიფიანმა რამდენიმე დუბლად ჩაწერა.

„ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრ მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯამში 50 მილიონს შეადგენდა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწილვადებას, თუ სწორად მახსოვს, თვეში ასი ათასის გადახდას.

როგორც აღვნიშნე, შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილ სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა, რადგან ბიზნესს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი. ასეც დავშორდით.

რამდენიმე დღეში ოქუაშვილი კვლავ დამიკავშირდა და შეხვედრისას შემომთავაზა, რომ თუ მსურდა სახელფასო დავალიანების დაფარვა და უფრო მეტიც, საერთო ბიზნესის სანაცვლოდ მთავაზობდა მისი სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლას (საუბარი იყო ქარხნის 10 პროცენტზე), მე უნდა დავხმარებოდი მას გარკვეული ჩანაწერების ფაბრიკაციაში.

სქემა ასეთი იყო: ის მოამზადებდა გარკვეულ ტექსტებს ჩემი და მისი დიალოგების სახით, სადაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული ინტერესები ომეგას ბიზნესის მიმართ. ჩვენ ამ წინასწარ გაწერილი სცენარით ვისაუბრებდით და ამ საუბრებს იგი ღიად ჩაიწერდა, მაგრამ გამოიყენებდა, როგორც ვითომ ფარულ ჩანაწერს. სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ,“-აცხადებს ლევან ყიფიანი.

როგორც გამოკითხვის ოქმში ის ყვება, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოქუაშვილი ხსენებულ ჩანაწერებს გაავრცელებდა მედიასაშუალებებით, რადგან ყველა შეხვედრისას ზაზა ოქუაშვილი მას არწმუნებდა, რომ მას აღნიშნული ჩანაწერი უნდა გამოეყენებინა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას. „სწორედ ამ არგუმენტით დამიყოლია და მეც, შევცდი და დავთანხმდი. გარდა ამისა, მან მითხრა, რომ ამ საქმეში მას გვერდში ედგა ირაკლი ჩუბინიშვილი, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რა ფორმით.

ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.

მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია“ – ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.

იტვირთბა....