საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც დღეს ფრანკფურტში უმასპინძლა განაცხადა, რომ საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება, არა, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი.
ბახტაძემ საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.
„საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. თუმცა, მინდა გაგახსენოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და საქართველო მათ რიგს მიეკუთვნება. ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ძალიან ემოციურები ვართ.
ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ყველა ქართველის ცხოვრებაში, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების „მთავარი კერძი“ მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8 000 წლის ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ცოტა სუბიექტური ვიყო ამ საღამოს. ჩემი აზრით, „მთავარი კერძი“, რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა შეზავებული. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა“ – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.