ტერმინები “ჰოლოკოსტი” და “ფაშიზმი” ქვეყნისთვის დამაზიანებელია და არ მახსენდება, ადრე რომელიმე პოლიტიკოსს გამოეყენებინოს მსგავსი ტერმინი. ერთი მახსოვს მსგავს ტერმინებს მაშინდელი ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყენებდა. იმის მერე არ მახსოვს “ჰოლოკოსტი”, ოსვენციმი” და მსგავსი ტერმინები ეხსენებინოთ, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოუცდელი ხალხი უცბად დიდ თანამდებობებზე არ უნდა ინიშნებოდნენ.
“თავად ნათქვამი არ არის ადეკვატური და ეს ტერმინები კარგად არ წარმოგვაჩენს დასავლეთის თვალში. მით უმეტეს, ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე არის გამოუცდელი პოლიტიკოსი. მან უცებ მიაღწია იმას, რასაც შრომა, წვალება და მრავალწლიანი გარჯა ჭირდება. ასე ერთ დღეში ამხელა თანამდებობებს არ უნდა აღწევდნენ. არის ბავშვი და მეტი არაფერი. მაგას მომავალი დაუკარგეს. ექნებოდა ბრწყინვალე კარიერა, მაგრამ ერთ დღეში რომ მოინდომებ ამხელა თანამდებობას, იქ მთავრდები “კაკრას”. მაგის პოლიტიკის მზე ჩასვენებულია. ღმერთი 10 წელს როგორ არ მაცოცხლებს და გადმომირეკეთ მერე და მითხარით, შეცდი, გოგიო. გამოუცდელები, შრომის გარეშე ამხელა თანამდებობებზე არ უნდა ინიშნებოდნენ”, – განაცხადა წულაიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ “ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გამართა. მან თავისი გამოსვლა დაიწყო და დაასრულა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას კრიტიკით. ამასთან მან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გააკრიტიკა და ისინი “ფაშიზმის ხელის დამფარებლებად” მოიხსენია.
“ყოვლად მიუღებელია ნიკა გვარამიას ფაშისტური განცხადებები, რომელიც ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მე არ მახსოვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გამოვიდოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და გააკრიტიკებდა მას. ვაცხადებ, ისინი ვინც მხარს უჭერენ ფაშისტურ განცხადებებს, თავად არიან მისი მონაწილეები” – განაცხადა კობახიძემ.
ნიკა გვარამიამ მიმართა საზოგადოებას და განაცხადა, რომ ისინი ვინც მხარს დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილს, უკიდურესად უნდა შევავიწოვოთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან.