ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ხუხაშვილი კარასინის განცხადებაზე – რუსეთისგან გამორიცხული არაფერი არ არის

გამორიცხული არაფერი არ არის. დღეს ვხედავთ, რომ სამყარო გლობალური ესკალაციის ეტაპზე ცხოვრობს. მიდის დიდი გადალაგება და შეიძლება ითქვას, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება და ძალიან მაღალი ფსონებია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა”მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, რუსეთისთვის ნატო-სთან დაპირისპირება ძნელი იქნება და ეცდება, სუსტ ადგილებზე გააკეთოს აქცენტი.

“რუსეთისთვის დამახასიათებელია ასიმეტრიული პასუხები. გამომდინარე იქიდან, რომ ფრონტალურად დასავლეთთან და ნატო-თან დაპირისპირება რუსეთისთვის ძნელი იქნება, მას შეუძლია, ასიმეტრიული პასუხები გასცეს – იქ, სადაც სისუსტეებია. ესეთი ვექტორი საქართველოსკენაც შეიძლება იქნეს ათვისებული. ეს პრობლემატური და გასათვალისწინებელია ჩვენს პოლიტიკაში. არ უნდა შეგვეშინდეს და არაფერზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ რისკები მუდმივად არის დასათვლელი”, -განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგორი კარასინმა ქართველი პარტნიორები გააფრთხილა, რომ საერთშორისო არენაზე მათი ქმედებები ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს შეუქმნის საფრთხეს.

„სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატო-ს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

იტვირთბა....