საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, უკვე სერიოზული არ არის,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „წითელ ჯვარს“ ჰქონდა დაკავებულის მონახულების შესაძლებლობა და ეს ინფორმაცია მიაწოდა ოჯახს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, ეს უკვე სერიოზული არ არის და ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ მაია ოთინაშვილი გათავისუფლებული იქნას რაც შეიძლება მალე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია, ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისათვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი არის ის, რომ ის იქნას გათავისუფლებული.
ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლში და ბაღში ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა, რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამასთან, ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისთვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორში, სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთანაშვილი გაიტაცეს.
თანასოფლელები ამბობენ, რომ ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. მაია ოთინაშვილს 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.