არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეგვატყობინეს, აშშ-ში, ჩვენს მომხრეებზე ზეწოლა მიმდინარეობს”

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ აშშ-ში, აქტიურ ამომრჩეველზე, სხვადასხვა ფორმით ზეწოლას აქვს ადგილი – თითქოს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ზიანის მომტანი ან ხელისშემშლელი პირობა გახდეს იმ პირთათვის, ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს შტატებისთვის მოთხოვილი.

“ავრცელებენ მცდარ და აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა შესაძლოა, ზიანის მომტანი ან ხელისშემშლელი პირობა გახდეს იმ პირთათვის, ვისაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნათხოვნი და ასეთი სტატუსი ჯერ არ გააჩნია. ეს არის აბსურდი. საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამოცხადება ნებისმიერი სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია მხოლოდ შეზღუდული, საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ფარგლებში მოქმედებს და სამართლებრივი დევნის წარმოება აშშ-ს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლებელია.

თამამად და გაბედულად შეგიძლიათ მიბრძანდეთ გენერალურ საკონსულოსა და საელჩოში, გააკეთოთ თქვენი არჩევანი და თითო ხმით განუზომელი სარგებელი მოუტანოთ საკუთარ ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე“,  – აცხადებს ვაშაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....