ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ეს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა”: ბრიტანეთის ელჩი არასამთავრობოებს მხარს უჭერს

ბრიტანეთიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრიტანეთის ელჩის საქართველოში, ჯასთინ  სმითის პოზიცია არასამთავრობოებთან დაკავშირებით, რომელშიც ის სამოქალაქო სექტორს მხარს უჭერს.

“სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნება საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და წარმოადგენს თანამედროვე ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილს”, – აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა არასამთავრობო სექტორის ძირითად ბირთვზე და შესთავაზა მათ პოლიტიკურ პარტიებად გადაკეთდნენ.

 

“სამწუხადოდ ეს ორგანიზაციები უკვე მერამდენედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინონ ზადაპირული შეფასებებითა და არასერიოზული განცხადებებით, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით – იქნება ეს სამართლებრივი თუ ეთიკურ ჭრილში. შესაბამისად მათი სიტყვა უკვე პრინციპში არაფერს ნიშნავს. რაც არის სამოქალაქო სექტორის ამ ნაწილის ძალიან დიდი ტრაგედია და პრობლემა. იმედი მაქვს, ისინი სანამ ძალიან გვიან არ არის, შეეცდებიან დასერიოზულდნენ. რადგან ყველა საზოგადოებრივ სეგმენტს, ინსტიტუტს სჭირდება გარკვეული ნდობა საზოგადოების მხრიდან. ასეთი განცხადებებით ისინი საბოლოოდ კარგავენ ამ ნდობას თუ ასეთი საერთოდ გააჩნიათ”, – აცხადებს თეა წულუკიანი”.

წულუკიანის განცხადებას არასამთავრობოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში კი არ ამყოფოს და მისი მითითების მიხედვით ილაპარაკოს, არამედ ხმამაღლა მიუთითოს პრობლემებზე და მოითხოვოს კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდებს, “დაწყნარდნენ და გააკეთონ ის, რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ”.

“არც წინა ხელისუფლების დროს გავჩუმებულვარ და არც ახლა გავჩუმდები” – აცხადებს გიგაური.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, რომელიც ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხება. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა არაფორმალური მეთოდებით, კრიმინალების დახმარებით იმართება.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს ხელმოწერებით:

ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს.

ბოლო წლებში არაერთ შემთხვევაში გამოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან და სრული ხელშეუხებლობით სარგებლობენ. მმართველობის ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურების პარალელური არსებობა ძირს უთხრის დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სისტემას, შინაარსს აცლის ფორმალური ძალაუფლების მქონე პირების პასუხისმგებლობას და იწვევს პოლიტიკური სისტემის მიმართ მოქალაქეების გაუცხოებას.

წარსულში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების აღმოფხვრისა და „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა ამ პრობლემების გადაჭრის და არსებითად განსხვავებული, უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნის პოლიტიკური ნება.

დემოკრატიული მმართველობის სისტემის კრიზისზე მიუთითებს:

კლანური მმართველობა სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის დაცვას და ხშირ შემთხვევაში მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება;

  • სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის კორუფციული დანაშაულების, მიუკერძოებელ გამოძიებას;
  • პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა;
  • ვიწრო ჯგუფის მიერ საჯარო რესურსების მითვისება მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

სამწუხაროდ, მმართველი ჯგუფის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა და დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ კრიზისიდან გამოსავლის და ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, პარტია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და არ აპირებს რეაგირება მოახდინოს შექმნილ ვითარებაზე.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უყურადღებოდ არ დატოვოს ზემოჩამოთვლილი პრობლემები და მოითხოვოს ადეკვატური პასუხი და რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.

შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს
  • მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა,  ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ
  • საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

იტვირთბა....