პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის იქნება კულტურული ელჩი რომ ტაო–კლარჯეთი კიდევ უფრო განვითრდეს.
შეხვედრის დაწყებამდე, მესხეთის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიის შესახებ ფილმი უჩვენეს. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კულტურასა და მის განვითარებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ასევე აუცილებელია, რომ სამცხე- ჯავახეთის მხარეში ტურიზმი განვითარდეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„კულტურა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურული ცხოვრება აუცილებელია რეგიონების გაცოცხლებისთვის. საზოგადოება არის იქ, სადაც არის კულტურა და ეს ორი რამ უნდა გავაერთიანოთ. ამაში მე, როგორც პრეზიდენტი დაგეხმარებით. მე ვიქნები თქვენი კულტურის ელჩი, მე მექნება მოლაპარაკებები თურქეთთან, რომ ტაო–კლარჯეთი კიდევ უფრო განვითრდეს. ასევე ტურიზმი უნდა განვავითაროთ აქ, მომლოცველები უნდა ჩამოვიდნენ, გაიარონ მაგალითად წმინდა ნინოს გზა, ამაზეც უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად“- განაცხადა მან.
ზურაბიშვილმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„მოქალაქეობა მნიშვნელოვანია, ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოქალაქეები არ დავკარგოთ. მე ვიქნები თქვენი უფლებების დამცველი ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი კრიტიკოსი, რომელიც ზუსტად მიიტანს მთავრობამდე პრობლემებს და არ ვიქნები მთავრობის მოქიშპე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა