„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ “თიბისი” ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას უპასუხა, რომელიც მან 4 მილიონთან დაკავშირებით გააკეთა.
“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავის თავზე საუბრობდა. იმიტომ, რომ ტყუილი ნამდვილად არ არის კარგი. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც არსებობს დოკუმენტები და ეს დოკუმენტები გამხელენ. ადრე თუ გვიან, მამუკა ხაზარაძეს და ბუცხრიკიძეს, აუცილებლად მოუწევთ თავის დახრა და თქმა იმისა, რომ ან ვინმემ დაავალა და იმიტომ ჩაიდინეს ეს უკანონობები ან თავიანთი ინიციატივით დაარღვიეს ის კანონები, რაც ეროვნულმა ბანკმა დაუწესა, რაც თავიანთი რეკომენდაციებია და რისი ვალდებულებებიც აქვთ მათ”- განაცხადა ნატო ჩხეიძემ “რეაქციის” ეთერში.
ბანკი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ოქუაშვილის მონათხრობი არ შეესაბამება სიმართლეს და არის მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობა.
„თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.
ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.
„თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა” „გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა “ომეგას” დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს“.