მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე “მეტრონომთან” საუბრისას მწვანე კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ შესწავლილი უნდა იქნას თუ სად და როგორ უნდა მოხდეს ცათამბჯენების მშენებლობა.
“მწვანე კონცხის სტატუსის შეცვლის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მათ, ალბათ, თავისი არგუმენტები გააჩნიათ. რაც შეეხება მწვანე კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობას, ის უნდა იყოს შესწავლილი თუ სად და როგორ აპირებენ. საერთოდ, ითვლება, რომ სანაპირო ზოლში ცათამბჯენების მშენებლობა არ არის მიზანშეწონილი. არსებობს საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ითვლება, რომ სანაპირო ზოლში ცათამჯნებეის მშენებლობა არაა სწორი, მარტო ჩემი აზრი არაა ეს, მსოფლიოს აზრია”, – აცხადებს ჩხობაძე.
კომპანია „ელიტ კონსთრაქშენ გრუპი“ სარეკრეაციო ზონაში ორი ცათამბჯენის აშენებას ითხოვს. ლაპარაკია ორ 27-სართულიან ცათამბჯენზე.
ბათუმის მერიამ საკრებულოში სამშენებლო კომპანიის მიერ მომზადებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა წარადგინა. რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
გეგმის განხორციელებისთვის კომპანიამ ზონისთვის სტატუსის შეცვლაც მოითხოვა, უმრავლესობამ ეს მოთხოვნაც გაითვალისწინა და მწვანე კონცხის ერთ მონაკვეთს სარეკრეაციო ზონას სტატუსი საქმიანი ზონით შეუცვალა.