პარტია“ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას.
„გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და „ნაცმოძრაობის“ მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს. დღეს ეს ადამიანი, რომელმაც 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს – სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში ტელეკომპანიას იყენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.