სოფო კილაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანაში თავისი დიდი წვლილი ერთხელ უკვე შეიტანა.
ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, წვლილს შეიტანს იმაში, რომ ქვეყანამ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს.
„ეს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი საკითხია, რაც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. სალომე ზურაბიშვილი წვლილს შეიტანს იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ეს ჩვენი დიდი ტკივილია და ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია, ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოლოს“– განაცხადა კილაძემ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი ჯარების გაყვანა იქნება. „თავად ვთქვი, რომ ჯარებს, რომლებიც ერთხელ მე გავიყვანე, სააკაშვილმა და სხვებმა ვერ და არ გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგი არის ის, რომ ისევ შემოიყვანეს, მაგრამ ამ ჯარებს ისევ უკან გავიყვანთ. სამხედრო ბაზები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და, რომლებიც ამ პერიოდში გაძლიერდა, არის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს იქნება ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც მე გამოვიყენებ დიპლომატიურ გამოცდილებას, რომელიც არ მაქვს მიღებული „მიდ“-ში“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.