მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარია “მეტრონომთან” საუბრისას რუსთველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციის მხრიდან, სარალიძისთვის კარვის გაშლაზე უარის თქმას აფასებს და აცხადებს, რომ ამაზე შესაბამისი პირები გააკეთებენ განმარტებას.
“2007 წელს კარვები არ იყო, ცელოფანები დაგლიჯეს, როგორც მახსოვს. მთლიანად კარვები არ იყო, მაგრამ ყველაფერზე იყო დაშლა. აღარ გავყვეთ ახლა მაგ ამბავს. გამოხატვის საშუალებას რუსთაველზე არავინ არავის არ უშლის. ყველანი დაინტერესებული, რომ ხორავას საქმეზე დროზე გავიდეთ შედეგებზე.
კარვის დადგმა სხვა მიზნით, რომ მერე ის ხელმოცარულ პოლიტიკოსთა თავშესაფრად იქცეს, ეს უკვე ცალკე ამბავია. ამაზე, ალბათ, განმარტებას გააკეთებენ ისინი, ვინც სარალიძეს კარვის დადგმის საშუალება არ მისცეს. გასაგებია ეს პროტესტი რა იყო და როგორ იყო. რამდენადაც ვიცი, კარავში თავს იყრის სხვადასხვა ჯურის, სხვადასხვა ზოგი ესეთი, ზოგი ისეთი, ალბათ, წესრიგის თვალსაზრისით იყო გამოწვეული, რომ რუსთაველზე კარავი არ გააშლევინეს სარალიძეს. დანარჩენი, მგონი, კანონის ფარგლებში ჯდება და თუ არ ჯდება გაასაჩივრონ და მიიღებენ შესაბამის პასუხს. თუ კანონით არის დაშვებული, დადგავენ კარავს”, – განაცხადა ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე 10 სექტემბრიდან შიმშილობს და მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს. რამოდენიმე დღის წინ კი სარალიძეს პოლიციამ კარვის გაშლაზე უარი უთხრა.