ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექტემბერში ზურაბიშვილს შემომწირველთა უმრავლესობამ 30 თეთრი ჩაურიცხა

22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკურმა სუბიექტებმა სულ 830 838 ლარი დახარჯეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 344 618 ლარი დახარჯა, „ევროპულმა საქართველომ“ – 198 631 ლარი, პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 73 457 ლარი, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 48 226 ლარი, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა – 29 742 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 26 516 ლარი, მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ – 21 046 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 19 241 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმამ – ახალი საქართველო“ – 17 253 ლარი, „ქრისტიან – დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 7 453 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა“ – 7 024 ლარი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ“ – 7 014 ლარი, „ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა“ 5 335 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ – 4 968 ლარი, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა – 4 610 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 4 481 ლარი, „გირჩმა“ – 4 401 ლარი, „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“ 3616 ლარი, „თავისუფალმა საქართველომ“ 3 006 ლარი, ხოლო პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ – 200 ლარი.

აღნიშნულ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ხარჯებიდან პოლიტიკურმა სუბიექტებიდან რეკლამაზე სულ 499 412 ლარი დახარჯეს, მათგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 312 210 ლარი, „ევროპულმა საქართველომ“ – 158 875 ლარი,  სალომე ზურაბიშვილმა – 17 173 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 2 643 ლარი, ბესარიონ თედიაშვილმა – 4 600 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 3 473 ლარი, ხოლო „თავისუფალმა საქართველომ“ – 438 ლარი.

ამასთან, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკურმა სუბიექტებმა სამივლინებოდ აღნიშნულ პერიოდში სულ 34 415 ლარი დახარჯეს, მათ შორის პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 12 250 ლარი, სალომე ზურაბიშვილმა – 2 210 ლარი, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 840 ლარი, „ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ“ – 3000 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა“ – 7000 ლარი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 415 ლარი და ა.შ.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სალომე ზურაბიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შრომის ანაზღაურებაზე არც ერთი ლარი არ დაუხარჯავს, „ევროპულმა საქართველომ“ 13 650 ლარი დახარჯა, პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 59 463 ლარი, მოძრაობამ „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 20 575 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ – 1 250 ლარი, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 42 085 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 13 513 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 3 750 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ“ – 3 750 ლარი და საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“ – 1 800 ლარი.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 22 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სხვა შემოსავლების სახით შემოსავალი უფიქსირდება მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 77 600 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 5-25 სექტემბრის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა უმრავლესობა 30 თეთრს ურიცხავდა.

5-25 სექტემბრის განმავლობაში ზურაბიშვილს თანხა სულ 91-მა ადამიანმა შესწირა, აქედან 83-მა (ერთმა ადამიანმა ორჯერ) მას 30 თეთრი გადაურიცხა.

ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის საპროტესტო კამპანია მოქალაქეთა ჯგუფმა 14 სექტემბერს დაიწყო. ისინი ზურაბიშვილს თავის  ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავდნენ, დანიშნულების გრაფაში კი მათივე თქმით წერდნენ: “ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად!”

კამპანიის მონაწილეები გადარიცხვის ქვითრებს ფოტოებს უღებდნენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ.

სულ, ზემოხსენებული 30 თეთრებით, ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდს 25.2 ლარი ჩაერიცხა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პერიოდში პარტიებმა შემოსავლის სახით სულ 1 159 205.00 მიიღეს.

იტვირთბა....