ევროპელი და ამერიკელი სინოპტიკოსები და კლიმატოლოგები იუწყებიან, რომ ევროპას ბოლო ასწლეულის ყველაზე ცივი ზამთარი ელის. ასეთ პროგნოზეებს შარშანაც აკეთებდნენ და იგი ნაწილობრივ გამართლდა კიდეც. ამ ზამთარს კი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნება.
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ამ ზამთარს ევროპაში 25-30, ზოგ შემთხვევაში კი თითქმის 40-გრადუსიანი ყინვაა მოსალოდნელი. ამას 2 ძირითადი მიზეზი განაპირობებს – მზის უჩვეულოდ დაბალი აქტივობა და საჰაერო მასების მარშრუტის ცვლილება.
მეცნიერთა ცნობით, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჰაერის მასების ნაკადები არქტიკული მასების “ქუდს” თანდათანობით ევროპისაკენ “უბიძგებენ”. რაც შეეხება მზეს, ამჟამად ზემძლავრი აფეთქეები ხდება, რომლის შემდეგაც აქტივობის მკვეთრად შემცირების ფაზა იწყება, რის შედეგადაც მზის აქტოვობა მე-17 საუკუნის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს.
როგორი ზამთარი იქნება საქართველოში – ქართველი კლიმატოლოგები ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსი” კლიმატოლოგ ლია ქართველიშვილსა და მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარესა და ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს გაესაუბრა.
როგორც ქართველიშვილმა განაცხადა, ევროპის კლიმატური მოვლენები საქართველოზე ჯერჯერობით არ აისახება და ცივ ზამთარს საქართველო არ უნდა ელოდოს.
“არავითარ მძიმე შედეგს არ ველოდებით და ეს ყველაფერი ჩვენს კლიმატზე ჯერჯერობით არც აისახება. აცივდა, მაგრამ ჩვეულებრივი მზის სხივების განაწილება არის და რამდენიმე დღეში გამოიდარებს.
წინასწარ არავითარი პროგნოზი ამ მიმართულებით არ კეთდება. შემდეგი კლიმატური პროგნოზი დაიდება, მაგრამ არ ველოდებით ცივი ზამთრის პირობებს. ევროპული სიცივის გავლენა ჩვენთან არ აღინიშნება. უხალოეს მომავალში არაფერი კატასტროფული არ მოხდება” – განაცხადა ლია ქართველიშვილმა.
როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა შარშანდელი თავისი განცხადება გაიხსენა ცივი ზამთრი შესახებ და აღნიშნა, რომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია.
“ჯერ პროგნოზების გაკეთება რთულია. შარშან გავაკეთე განცხადება, რომ გავიყინებოდით, მაგრამ ჩვენ არ გავიყინეთ საბოლოოდ. ახლა ევროპა ამბობს, გავიყინებითო და ვნახოთ, რა იქნება. წინასწარ რამის თქმა რთულია” – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.