საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება.
“საკმაოდ შემაშფოთებელია ის ტექსტები, რომელიც ისმის. ჩვენ ვერ შევქმენით სამართლის და სასამართლოს ის ხარისხი ამ ქვეყანაში, როდესაც ძალიან მაღალი ხარისხის ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ სასამართლოს და სასამართლო იტყვის რა არის აქ მთავარი გამოწვევა.
და ეს არ არის ის მოლოდინი, რაც ქართველ ხალხს ჰქონდა “ოცნების” მიმართ, ეს ყველაფერი თუ ხდებოდა იმ დროს როდესაც “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლებაში. ჩვენი მთავარი გამოწვევა საზოგადოების წინაშე ეს გახლავთ, ამიტომ ჩვენს ინტერესებში შედის სიმართლის დადგენა.არ გამოვრიცხავ არაფერს და კონკრეტულ ფრაზებს არ მოვიგონებ რომ გავალამაზო ეს სიტუაცია. თუმცა პირდაპირ ვერც ვერავის დავადანაშაულებ.
მე ნამდვილად არ ვისურვებდი ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ.
მე დარწმუნებული ვარ რომ გამოიკვეთება სიმართლე რომელიც იქნება სასარგებლოდ ჩვენი გუნდის და მე ამას ველოდები და სურვილი მაქვს ასე დამთავრდეს ეს ყველაფერი, “- განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბიზნეს წილების გადანაწილებას და კონკრეტული თანხების “ოცნების ბიუჯეტში” გადარიცხვას. გარდა ამისა საუბარია რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ “ომეგა ჯგუფისთვის” პრობლემების მოგვარებაზე და ტელეკომპანია “იბერიის” დათმობაზე. ჩანაწერებში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.