რას იზამდით თქვენი შვილი რომ გარდაცვლილი გენახათ და მას 12 ჭრილობა ქონოდა მიყენებული, – ეს კითხვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს გადაცემაში “რეაქცია” კითხა.
“გულწრფელად გეტყვით რას ვიზამდი, ჩემი შვილი 12 ჭრილობით გარდაცვლილი რომ მენახა. მე ბიჭი მყავს, რომელიც 7 წლლის ხდება და რომელსაც 8 წელი ველოდებოდით. შემიძლია, მთელი გულწრფელობით გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პირველ რიგში,ჩემს თავთან ვიყო მართალი, რათა ასეთ თემებზე საუბრის დროს არ შემრცხვეს. ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს.
თუ კი მე დამჭირდება იმის თქმა, რაც არ აწყობს ან პარტიას ან ქვეყანას, ეს განსხვავება იქნება ჩვენ შორის, მე იმ პარტიის, ან ხელისუფლების, ან რომელიმე ჯგუფის ნაწილი არ ვიქნები. ემოციურად ძალიან რთულია ესაუბრო შვილმკვდარ მამას, რომელსაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქვს კითხვები. თუმცა, ჩვენს გარდა, სხვა პოლიტიკოსებიც ვალდებულები არიან, მივიდნენ და ამ კაცს სიმართლე უთხრან. რასაც ამ დროის განმავლობაში ვუყურებდი – ეს ადამიანები სარალიძის ტრაგედიით ძალიან ცუდად მანიპულირებდნენ და ატყუებენ საზოგადოებასა და ზაზა სარალიძეს. ეს არის მთავარი უბედურება”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით. თუმცა, ამ დრომდე დავით სარალიძის მმკვლელობისთვის არავინ დასჯილა.