ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პარლამენტთან სახალხო დამცველის წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას ამის შესახე თავად ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზემოქმედებდნენ ფიზიკურად და ხელს უშლიდნენ კანონით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს აქტიურობდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი სახალხო დამცველის მანდატი, რომ არც თავად ნინო ლომჯარიას და არც მის რომელიმე წარმომადგენელს უფლება არა აქვს ფიზიკური თუ სხვაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, არ მისცეს მათ რაიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ან აქციის მონაწილეებთან ერთად განახორციელოს რაიმე ქმედებები”– წერს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, კარვების დადგმის ხელის შეშლის ფაქტზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება და ერთ-ერთ ინციდენტზე გამოძიების დაწყებაც მოითხოვა.

„ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან აქციას, ასევე, მთელი ღამის ფარგლებში მოვინახულეთ ყველა დაკავებული პირი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემ წარმომადგენელს, მანანა მარტაშვილს, რომელმაც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, შეინარჩუნა სიმშვიდე და იმოქმედა მანდატის შესაბამისად. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით” – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

იტვირთბა....