პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ენდობა, რომელიც “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარდა.
კობახიძის თქმით, “ქართულ ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამოცანა არის ჩვენთვის რა – „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად აიღო 27% 2017 წლის არჩევნებში, მანამდე 27% აიღო „ნაცმოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ 27%-ს არ გასცდეს „ნაციონალური მოძრაობა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ჩვენ ჩვენს შიდა კვლევებს არ ვასაჯაროებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2%-ია.