შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ ამ ეტაპზე ყოფილ პრემიერს მკურნალობა არ უტარდება.
ადვოკატები უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გვამცნეს, რომ ვანო მერაბიშვილს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება, რასაც მოწმობს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოგზავნილი 13 სექტემბრის წერილი. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი “დიაგნოზი” – კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები – პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით. 12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად. შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა.
ბოლო დიაგნოსტიკის შემდეგ, 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დამატებითი დაავადების დადგენის შემდეგ, მერაბიშვილი მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს, მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ მძიმდება. დღემდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი და სხვა რა სახის გამწვავება შეიძლება იქონიოს ამ დაავადებამ. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უფრო მძიმე ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ვანო მერაბიშვილს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები. მოვლენათა ეს თანმიმდევრობა იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას – მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით. მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება“ – აღნიშნულია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.