პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კანაფის კულტივიზაციის კანონპროექტზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, კანონპროექტი ორი მიმართულებას შეეხებოდა – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დამდგარ სამართლებრივ რეალობასა და მედიკამენტების წარმოებისა და შემდგომ მისი ექსპორტის მიზნით, კანაფის კულტივიზაციას.
როგორც პრემიერმა “იმედის” ეთერში განაცხადა, მთავრობამ მოკლე დროში დაამუშავა დოკუმენტი, რომელიც კანაფის მოხმარების მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს.
„რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პირნათელი ქართულ საზოგადოებასთან.
მე განვაცხადე, რომ ჩვენი რეგულაცია პირველ და მეორე ნაწილშიც იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი ამ ნივთიერების და ამ მცენარის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში. მაგრამ ამას მოყვა ვნებათაღელვა და ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებაში.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება, გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხოლოდ საბოლოო პოზიციის შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება. სანამ არ მოხდება კონსენსუსის მიღწევა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ჩვენ მას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ხელწერა“, – აღნიშნა პრემიერმა.