ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვუსამძიმრებ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ კაპანაძეს არც გახსენებია”

პარლამენტის სესიაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მომხდარის გამო დადუნაშვილებისა და სარალიძეების  ოჯახს უსამძიმრებს.

„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო სამძიმრით და არა მხოლოდ  ერთ, დავით სარალიძის ოჯახს მივუსამძიმრო, არამედ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია სერგი კაპანაძეს, რამდენჯერაც ახსენებდა ერთ დაზარალებულს. ამ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი და არა მხოლოდ ეს ოჯახი. როდესაც დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, როგორმე მაშინ მაინც უნდა მოვახერხოთ და პოლიტიკური განწყობებისგან გავთავისუფლდეთ“ – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისითაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

„მინდა, კომისიის საქმიანობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის. მაშინ, როცა პარლამენტში უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, არ იქმნებოდა. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომისიაში უმრავლესობით „ევროპულ საქართველო“ იყო, აჩვენა, რომ ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი და ჩართული ვიყავი, სამწუხარო იყო, მენახა, რამდენად პოლიტიზებული იყო სრულად პროცესი“ – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს სწორედ საპასუხისმგებლო ეტაპია, როდესაც პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ  და პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდნენ.

„სამწუხაროდ, კომისიამ ეს ვერ შეძლო. ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი, შემდეგ კი, კომისიის წევრი იურისტების მიერ კორექტირებული დასკვნით აჩვენა, რომ იმდენად ვერ გაექცა პოლიტიკურ განწყობას კომისიის უმრავლესობა, მათ ვერ მოახერხეს, მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ შესულიყო ამ საქმეში და ეს ხელოვნურად დანახული ბმა, პოლიტიკური ელფერის ყველაზე მკაფიო მაგალითი არ გამხდარიყო. ვფიქრობ, წერტილი აქ უნდა დავსვათ, ყველაფერი გასაგებია“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია საუბრობს, რომ გამოძიება ჩაკეტა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რის გამოც უნდა გადადგეს. ამ დროს კი, 500-მდე საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და გამოვლენილი არიან ახალი პასუხისმგებელი პირები.

„როდესაც საუბრობთ, რომ წულუკიანი უნდა გადადგეს, ერთი კითხვა მაინც უნდა მოგეფიქრებინათ, თუნდაც ხელოვნურად, როცა საგამოძიებო კომისიაზე იბარებდით. როდესაც ამბობთ, რომ ირაკლი შოთაძის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც აიღო ამ საქმეზე სწორედ მორალური სტანდარტების გათვალისწინებით, არის თუ არა სრულიად ახალი პასუხისმგებლობის სტანდარტი, რომელიც არასოდეს გვინახავს” – განაცხადა ბესელიამ.

მისი შეფასებით, არ არის უმნიშვნელო მოვლენა, როდესაც პარლამენტის ლეგიტიმაციით არჩეული პირი  თანამდებობას ტოვებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი არ არის მოსამართლის და პროკურორის მანტიით აღჭურვა. დეპუტატმა რეგლამენტზეც გაამახვილა ყურადღება.

„სერგი კაპანაძესაც ამიტომაც გაუჭირდა და ვერ მოძებნა ვერც ერთი მუხლი ვერც კონსტიტუციაში და ვერც რეგლამენტში, რომელიც აძლევს უფლებას კომისიას კონკრეტული სისხლის სამართლის კვალიფიკაცია განუსაზღვროს რომელიმე პირს. არ აქვს ასეთი უფლება პარლამენტის საგამოძიებო კომისიას“ – აღნიშნა ბესელიამ.

მისი განმარტებით, კომისიის მანდატი მისი შექმნის დადგენილებაშია განმარტებული.

„უნდა დადგენილიყო ობიექტური გარემოებები და ის, თანამდებობის პირმა ან ორგანოებმა ხომ არ დაარღვიეს კანონი. ვინ მოგცათ უფლება, ვინც არ უნდა იყოს მ.კ., რომლის არც პრეზუმფცია გახსოვთ და არც ის, რომ რამე უფლება აქვს ამ ქვეყანაში, გამოუტანოთ მსჯავრი. ასევე, როდესაც ასეთ მოწოდებას აკეთებს სახალხო დამცველი, მიუხედავად ჩემი განსაკუთრებული პატივისცემისა ამ ინსტიტუტის მიმართ, ვფიქრობ, ეს არის დიდი შეცდომა“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, არ შეიძლება პარლამენტისადმი მსგავსი მოწოდება და ასევე, არ შეიძლება პარლამენტმა თავს უფლება მისცეს, პირის მიმართ დევნის დაწყებისა და კვალიფიკაციის მოთხოვნებით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს.

შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართვეომ” დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ უმრავლესობის მიერ გამოტანილი დასკვნის განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

იტვირთბა....