საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პირველკლასელის სასკოლო ასაკი შესაძლოა, გადაიხედოს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მისი განმარტებით, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.
„სასკოლო მზაობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც რიცხვითი მონაცემი გავაჩეროთ, ეს იყოს დაბადების ასაკი ან 31 დეკემბერამდე პერიოდი, ან თუნდაც 16 სექტემბრამდე შევისწავლოთ ბავშვის მომზადება იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს. ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომლებიც სკოლამდელ განათლებას ეხება. შეიძლება იყოს 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი და ამის შემდეგ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდეს პირველ კლასში რა ასაკის შევა – ეს არის ჩემი მოსაზრება. არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიხედოს, მაგრამ ამას სერიოზულად დაჯდომა და მოფიქრება სჭირდება.
თუკი ბავშვი ვუნდერკინდია, რაღაც ტიპის განსაკუთრებულობა არსებობს, ამ შემთხვევაში მინისტრის პრეროგატივაა, რომ დაუშვას 6-წლამდე ასაკის ბავშვის პირველ კლასში მიღება. რამდენადაც მახსოვს იყო ასეთი მიდგომა, შეიძლებოდა მინისტრისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული მონაცემი ჰქონდა. სასკოლო ასაკის მზაობა არ არის მაინცდამაინც 6 წელი, შეიძლება იყოს 7 წელი ან 5 წელი“- განაცხადა მარგველაშვილმა.