ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე შეეძლოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესით დაკავებული პირებისთვის, რომელთა ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, მნიშვნელოვნად, 1%-მდე შემცირდა ბრუნვის გადასახადი. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დარეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად და მიიღებს ე.წ. მცირე ბიზნესის სტატუსს, კლიენტი ამ სისტემის საშუალებით მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცედურის გავლითა და დაბალი დანახარჯებით შეძლებს საკრედიტო განაცხადის გაკეთებას. სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, სისტემა თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიურად დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამარტივებს კომერციული ბანკის მიერ საკრედიტო განაცხადის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარირებული შემოსავლები საკრედიტო პროექტის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილებისთვის ცალსახად პოზიტიური ფაქტორია.