ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უაღრესად საგანგაშო ტენდენცია”: “რესპუბლიკური პარტიის” განცხადება

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია” განცხადებას ავრცელებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხება.

“საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში გამოიკვეთა უაღრესად საგანგაშო ტენდენცია. საქმე ეხება ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ ქვეყნისთვის საზიანო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს 2008 წლის ომის თაობაზე. კერძოდ, ქ-ნი სალომე კონფლიქტის დაწყებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას, რითაც ფაქტობრივად იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ თეზისს და რუსეთის ოფიციალურ პოზიციას.

„საომარი მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, რომელმაც დაბომბა საკუთარი მოსახლეობა ცხინვალში“  – ეს არის რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამართლების მთავარი არგუმენტი. რუსული პროპაგანდა მთელ მსოფლიოში მილიონებს ხარჯავს, რათა ამ არგუმენტის საფუძველზე დამნაშავედ გამოიყვანოს საქართველო და მიაღწიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი თავისი განცხადებებით ფაქტობრივად რუსული პროპაგანდის და რუსული ინტერესების გამხმოვანებლად გვევლინება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, დარტყმის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას და საერთოდ სერიოზული საფრთხის შემცველია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილმა ოდნავ შეცვალა რიტორიკა და განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ამ განცხადების პარალელურად იქვე დაადანაშაულა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებაც, რითაც პრაქტიკულად კვლავ პრორუსულ პოზიციაზე დარჩა.

აქ მთავარი ისაა, რომ  ეს არ არის მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, როგორც კონკრეტული კანდიდატის პიროვნული პოზიცია. ეს არის საქართველოს ხელისუფლების და პირადად მმართველი პარტიის თავმჯდომარის და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია.   ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ მმართველი პარტიის ოფიციალური განცხადებით სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომის შესახებ სრულად ემთხვევა ქართული ოცნების პოზიციას. გარდა ამისა, მსგავსი პრორუსული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ, რომელმაც საერთოდ საოცარი შეთქმულების თეორია წამოაყენა:  თითქოს სააკაშვილმა რუსეთთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაიწყო ომი, რათა მერე რუსებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება მოეხდინათ.

ასეთი ოდიოზური და ანტისახელმწიფოებრივთან ერთად სრულიად არაკვალიფიციური განცხადებები მეტყველებს მხოლოდ ერთზე:  ეს არის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის პოზიცია. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზეა შესაძლებელი ასეთი აბსურდის მტკიცება დაიწყონ ადამიანებმა, რომლებსაც ელემენტარული დიპლომატიური გამოცდილება მაინც აქვთ.

ბ-ნ ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს საპრეზიდენტო კანდიდატის ჩათვლით, გვსურს შევახსენოთ ერთი ანბანური ჭეშმარიტება:  საერთაშორისო ურთიერთობებში და განსაკუთრებით საომარ ვითარებაში ქვეყანას წარმოადგენს და განასახიერებს მისი ხელისუფლება. ასევე, ყოველი მომდევნო ხელისუფლება არის  წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრე და პასუხისმგებელია მის ქმედებებზე. შეუძლებელია ომის დაწყებაში დაადანაშაულო სააკაშვილი და არ დაადანაშაულო საქართველო. შეუძლებელია ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს წინა ხელისუფლებას ისე, რომ სერიოზულად არ დაზარალდეს ქვეყანა ამ ხელისუფლების დროს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტი იყო. ჩვენ არაერთხელ გვქონია მძაფრი დაპირისპირება სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის აგვისტოს ომის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზეც, მაგრამ ერთია პოლიტიკური დებატები ქვეყნის შიგნით და სულ სხვაა ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული და სასიცოცხლო ინტერესები, სადაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. ესეც პოლიტიკური ცხოვრების ანბანური ჭეშმარიტებაა, რაც როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ისე მისი გუნდის წევრებისთვის არაა ცნობილი, ან ცნობილი კია, მაგრამ საქართველოს ინტერესებზე უფრო მაღლა რუსეთის ინტერსებს აყენებენ.

საქართველოს კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლა არ ხდება, მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წამოყენება და მხარდაჭერა არის ამ ხელისუფლების დეგრადირების  მკაფიო მაჩვენებელი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიუახლოვდა იმ სახიფათო ზღვარს, როდესაც ის უკვე საკუთარი ქვეყნისთვის ხდება საფრთხის შემცველი. ამ საფრთხეს კი  ჩვენი საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს. ვფიქრობთ, მოვიდა დრო, როდესაც უნდა შევეშვათ მარჩენალი მესიების ამაო მოლოდინს, რომლებიც საბოლოო ჯამში არც მესიად ვარგიან ხოლმე და არც მარჩენალად და ყველანი ერთად მოვემზადოთ მრავალპარტიული პლურალისტური დემოკრატიის გამარჯვებისთვის”.

იტვირთბა....