დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამდე განაცხადა, სადაც მარიხუანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ნარკოტიკი მძიმეა თუ მსუბუქია.
„ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, კოლუმბიზაცია და პაკისტანიზაცია. ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკი კიდევ ერთი ნაღმი იქნება, ავტონომიური ოლქები ხომ ნაღმი იყო, რამაც ააფეთქა და ახლა ეს ჩვენს ქვეყანას საბრძოლო პოლიგონად აქცევს, როგორც ავღანეთი და კოლუმბიაა.
პარლამენტში ამის შემოტანა ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება ზოგს არ ესმის და ზოგს ესმის, რომ ქვეყნის დაღუპვაა, რა დღეშიც არიან ავღანეთი, კოლუმბია, ვიეტნამი და ლაოსი. სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, სადაც მათი მკურნალობა მოხდება.
ამბობენ, დაშვებას იმიტომ ვაკეთებთ, ნარკოტიკებს უდებდნენო. ვინც უდებს, ის დაიჭირონ. 70 გრამი თუ დააწესეს, 71 გრამს დაგიდებ. იმას მოსთხოვონ პასუხი, ვინც დებს. ასეთ ხალხს კი უმკურნალონ. სიმკაცრე წესრიგს უზრუნველყოფს. სიმკაცრე უაზროდ არ უნდა იყოს, გააზრებული უნდა იყოს და ამ ხალხს ექიმები და ფსიქოლოგები უმკურნალებენ. გინახავთ, პროგრამაში მყოფი ადამიანები დილით როგორ არიან? რა მნიშვნელობა აქვს, მძიმეა თუ მსუბუქი? ყველაფერი აქედან იწყება. „მორფინისტის“ ცოლები ერთხელ მოიყვანეთ და ალაპარაკეთ, რა დღეები გადაიტანეს. ეს დედები მოიყვანეთ. ჩვენი მოწოდება იქნება, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვს, არ აირჩიონ და ხელში ქვეყნის სადავეები არ ჩაუგდონ“ – აღნიშნა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.