დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს მათგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო“ – განაცხადა ბორცვაძემ.
მისი ინფორმაციით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 8 შეკვრა ჰეროინი და სხვადასხვა სახის აბები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში ორი პირია დაკავებული. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1980 წელს დაბადებული მ.ფ. და 1989 წელს დაბადებული ა.ი. ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, აღნიშნულ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ იძენდნენ ნარკოტიკულ საშულებას და სისტემატურად ახდენდნენ მის რეალიზებას“, – განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის 4 მოქალაქე. 1982 წელს დაბადებული ა. ჯ.-ს, 1980 წელს დაბადებული რ. ყ.-ს, 1989 წელს დაბადებული ს. ბ.-ს და 1991 წელს დაბადებული ჟ. ყ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ფეხსაცმელების ძირებიდან ამოღებულია 2 კილო და 780 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
„დამატებით გაცნობებთ, რომ ბოლო ცხრა თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, დაკავებულია 143 ნარკორეალიზატორი.
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 25 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, 8990 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2 კილო და 100 გრამი „მდმა“,1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული მედიკამენტები“ – განაცხადა ბორცვაძემ და აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.