ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი ინიციატივა – საპატრიარქოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს

პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ (გელა) სალუაშვუილის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა.

სალუაშვილის ორგანიზაციის, სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლეს ინიციატივით, უნდა შემუშავდეს მართლმადიდებლური ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი.

“საპარლამენტო მდივანი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება პარლამენტში და ხელს შეუწყობს პარლამენტსა და ეკლესიას შორის მეტ კომუნიკაციას” — აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიხედვით, ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში და ასევე პარლამენტის თითოეულ კომიტეტში კოორდინაციის განმახორციელებელი მოადგილეები.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი”. ეკლესიის საპარლამენტო მდივანს უფლება ექნება ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტების განხილვაში.

გელა სალუაშვილის ინიციატივით, ეკლესიის საპარლამენტო მდივანი არა პარლამენტის, არამედ პატრიარქის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ასევე საპარლამენტო მდივანს, სალუაშვილის კანონპროექტით, ეძლევა საშუალება მოამზადოს საკანონმდებლო წინადადებები ან შენიშვნები პარლამენტში მიმდინარე სხვა კანოპროექტებზე.

“ბიბლიური მინიშნებიდან გამომდინარე, ამჟამად, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, არა მარტო ქვეყნის წინაშე სხვადასხვა ხარისხის მქონე ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენას, არამედ მათი მოგვარების კონკრეტული მექანიზმისა თუ მოდელის შემუშავებას” — ნათქვამია, კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....