ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ თითქოს იპოვეს ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე კანაფის ექსპორტთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება.

მისი თქმით, კანაფის პლანტაციების გაშენება მეხის გავარდნასავით დაეცა თავზე ყველას, მათ შორის მთავრობის წევრებს და საპარლამენტო უმრავლესობას.

„ეს საკითხი არასდროს განხილულა და ვიღაცას ეგონა ამ კანონპროექტს გაათრევდა ძალიან უმტკივნეულოდ. უძლიერესი პროტესტი მიიღო ხელისუფლებამ საზოგადოებისგან, უკან დაიხიეს, მაგრამ სწრაფი ფულის შოვნით დახარბებული ადამიანები ამაზე ხელის აღებას არ აპირებენ. საარჩევნო პერიოდში, როდესაც სახელისუფლებო კანდიდატის გამოსვლები ქცეულია კურიოზებად და სოციალური ქსელის მთავარი განხილვის საგნად, ჩათვალეს, რომ ეს თემა ახლა გვერდზე უნდა გადადონ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში კანაფის პლანტაციები შეიქმნას და საკანონმდებლო ბაზა არ იყოს მომზადებული”- განაცხადა გოცირიძემ.

მანვე ფინანსთა მინისტრი გააკრიტიკა და სიცრუე უწოდა მის განცხადებას, რომ კანაფის ექსპორტით საქართელომ შესაძლოა, მილიარდი ლარის შემოსავალი ნახოს.

„კანონპროექტი შემოვიდა ახლა, სადაც არის საუბარი, რომ მარიხუანას მოწევა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ ოთახში. მხოლოდ საკუთარ სახლში და ოთახში უნდა მისცე ეკონომიკასა და ფინანსებზე საუბრის უფლება ფინანსთა მინისტრს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ თურმე კანაფის ექსპორტით საქართველო 2-3 წელიწადში მიიღებს მილიარდ ლარს. ეს არის სისულელე. სამედიცინო და პარფიუმერული კუთხით კანაფის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით არის უკიდურესად შეზღუდული. ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რამდენიმე მილიონი, მაგრამ საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს. ატყუებენ საზოგადოებას, რომ თითქოს ვიპოვეთ ოქროს საბადო და ამით საქართველო აშენდება. ხელისუფლება ცდილობს უაღრესად საშიში იდეის გატანას“- განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....