საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლიერებას გამოხატავს იმ სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
„ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუკზე”.
მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს სამების ტაძრიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობას აწყობენ. გუშინ, გვიან ღამით კი სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს. მათი განცხადებით, მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს.