„მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“ – ეს განცხადება ქუთაისში, შეხვედრაზე, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
დღეს, “ქართული ოცნება” მის საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო. შეხვედრაზე დღეს თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.
„მოვდივარ თქვენს წინაშე ისეთი როგორიც ვარ. მე არაფერ სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით – ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე. ჩემი ხასიათით, ვის მოწონს და ვის – არა. ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის, თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგარზდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.