საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.
”არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი, უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე არა აქვთ გავლილი რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საარჩევნო მიზნებისთვის, საშუალება აქვთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას) ან\და გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკოსნულო სამსახურის ვებ გვერდზე: www.geoconsul.gov.ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.