პრაქტიკულად, არ არის მედია, რომელიც გარკვეულ ფინანსურ რესურსებზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლებამ ხელოვნურად შეუქმნა ბარიერი “ომეგა ჯგუფს” და შემდგომ მოითხოვა, რომ მომენტალურად იქნას გადახდილი დავალიანება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანმა არჩილ გამზარდია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ვცდილობთ, “ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც კანონის სივრციდან გასულია და სამარცხვინო კომენტარებით შემოიფარგლება, დავაბრუნოთ ადეკვატურობის სივრცეში. პროცესი, შეიძლება, “ქართული ოცნებისთვის” ფრიად არასასურველი გახდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ ჩანაწერის საფუძველზე, რომელიც გავრცელდა, სადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ცდილობს “იბერიის” წართმევას ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად.
მეორე რიგში, “ომეგა ჯგუფს” მიეცეს ის კანონის ფარგლებში დაწესებული გადავადება, რომელსაც ბიზნესი ხშირად მიმართავს. პრაქტიკულად, არ არსებობს ბიზნესი საქართველოში დავალიანების გარეშე. პრაქტიკულად, არ არის მედია, რომელიც გარკვეულ ფინანსურ რესურსებზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლებამ ხელოვნურად შეუქმნა ბარიერი “ომეგა ჯგუფს” და შემდგომ მოითხოვა, რომ მომენტალურად იქნას გადახდილი დავალიანება”, – განაცხადა გამზარდიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იბერიის” თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი არხის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს კანცელარიის შენობასთან გააპროტესტებენ. “იბერიამ” პროტესტის გამო, სამი საათით შეწყვიტა მაუწყებლობა. “იბერიის” თანამშრომლები აცხადებენ, რომ “ომეგა ჯგუფზე” თავდასხმა გამიზნულად ხდება, რათა არხმა მაუწყებლობა ვერ შეძლოს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება. კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.