საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა სასტუმრო “ველმონდში” (ყოფილი “ლეოგრანდი”) მიმდინარე სამუშაოები შეამოწმეს და მას ნაწილობრივ სტუმრების მიღების უფლება მისცეს. საუბარია პირველ 5 სართულზე, სადაც როგორც “მეტორნომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია.
“სასტუმროში ეტაპობრივად დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟის უზრუნველყოფა. პარასკევს იყვნენ ჩვენი სპეციალისტები ჩასულები, რომლებმაც შეამოწმეს სასტუმროს პირველი 5 სართული, სადაც უკვე დაამონტაჟეს ეს სისტემები, დაიტესტა ისინი. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან გაიცა ნებართვა, რომ მხოლოდ ხუთმა სართულმა იფუნქციონიროს, სადაც ამ მიმართიულებით ყველაზე რისკისშემცველი და ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები უკვე მოაგვარეს. მეხუთე სართულის ზემოთ მათ სტუმრების მიღება არ შეუძლიათ” – განუცხადა “მეტრონომს” ფეიქრიშვილმა.
დღეს, სასტუმრო “ველმონდის” პირველი ხუთი სართული სტუმრებისთვის გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო “ლეოგრანდს”, რომელიც ახლა “ველმონდის” სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სასტუმრომ მუშაობა არ შეწყვიტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი სასატუმროს შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, ადმინისტრაციას დახურვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც, 17 აგვისტოს სასტუმრობ მუშაობა შეაჩერა.