საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ტელეკომპანიის დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის მიერ გაკეთებული განცხადებაა ზეწოლასთან დაკავშირებით და ასევე არხზე მიმდინარე პროცესები.
„განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა ნატო ჩხეიძემ შესაძლო ზეწოლის შესახებ, შეიცავს ყურადსაღებ ინფორმაციას, ისევე როგორც სხვა წინა შემთხვევაში, როდესაც მედიასაშუალებები აკეთებდნენ მსგავს ან სხვა პრობლემების შესახებ განცხადებებს. ახლაც პრეზიდენტი განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნებს ამ საქმე თვალყურს, მას ექნება შეხვედრა ჟურნალისტებთან და ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან, რათა დეტალურად მოისმინოს ინფორმაცია და ყველა კონკრეტული საკითხი გაიაროს მათთან, რადგან მრავალფეროვანი მედია გარემო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაშენდეს ამ ქვეყნის სწორი და ძლიერი მომავალი. ყველა საკითხი რაც ეხება მედიას პრეზიდენტი განსაკუთრებული მნიშვნელობით ეკიდება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფი“ ორი წელია, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ სურთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, ტელევიზია უნდა დათმონ.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.