ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელ, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან იყო პირდაპირი შეთავაზება, რომ დამფუძნებლებს დაეთმოთ ტელეკომპანია ,,იბერია“ რადგან მოგვარებულიყო ფინანსური პრობლემები.
ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ შემოთავაზება ტელევიზიის დათმობასთან დაკავშირებით იყო ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და არსებობს ამის კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც ტელეკომპანია ამ ფაქტს აუცილებლად გაასაჩივრებს.
მისივე თქმით, დავა წარიმართება არა ქართულ სასამართლოში, არამედ საზღვარგარეთ.
როგორც ნატო ჩხეიძე ამბობს, ის აპირებს ტელეკომპანიისთვის ბრძოლას და მასში დასაქმებული ყველა თანამშრომლის ინტერესის დაცვას.
,,დიახ, ,,ომეგა ჯგუფი“ უკვე ორი წელიწადია დგას ფინანსური პრობლემების წინაშე, რომელიც არის შექმნილი ხელოვნურად. ეს ცხადია, სხვა საკითხია, მაგრამ სწორედ ამ ბოლო დროს იყო შემოთავაზება, რომ თუ გნებავთ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელევიზია“, – აცხადებს ჩხეიძე.
თუ ვისგან მოდიოდა ეს შეთავაზება, ,,იბერიას“ დამფუძნებელი არ აკონკრეტებს.
,,გასაგებია, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას ყველაზე მეტად ახლა უკვე ეს საკითხი აინტერესებს. რაღა თქმა უნდა, ამას ვიტყვით, მაგრამ ვიტყვით მხოლოდ სასამართლოში და თანაც, არა ქართულ სასამართლოში, უცხოეთის სასამართლოში ვიტყვით“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
რაც შეეხება იმას, ულტიმატუმის მიზეზად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დასახელდა თუ არა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა, ჩხეიძე პასუხობს შემდეგნაირად: ,,პირდაპირ ცხადია არა, მაგრამ მინიშნებით იყო ნათქვამი ის, რომ ,,იბერია“ ,,რუსთავი 2“-ზე უარესია“.
მისივე თქმით, რაც შეეხება მეტ დეტალს, ის მხოლოდ სასამართლოს წინაშე იტყვის. ამასთან, ნატო ჩხეიძის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ სად და როგორ აპირებს ტელეკომპანიის ინტერესების დაცვას.
დეპუტატმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განმარტება გააკეთა მეუღლის, „იბერიას“ და ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზაზა ოქუაშვილის დღევანდელი განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ,,კრიმინალურ ბანდაზეა“ საუბარი.
,,მითითება იყო უმაღლეს სახელისუფლებო თუ პარტიულ პირებზე. დიახ, მითითება იყო ნამდვილად“, – დასძინა ნატო ჩხეიძემ.
ცნობისთვის, „იბერიამ “ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანიას გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო.
კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.