ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საგამოძიებო კომისიის შედეგი მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობაა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა შედეგზე რასაც კომისია გამოიტანს პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

„დასკვნის განხილვა წინ გვაქვს. ამიტომ ბევრს ვერ ვისაუბრებ და მოკლედ ვიტყვი, რომ კომისიაში უდიდესი უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. კომისია მთლიანად მივეცით ოპოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველანაირ შედეგზე, რასაც ეს კომისია დადებდა, პასუხიმგებლობა მათ აეღო. ყველაფერი, რაც კომისიაში მოხდა, როგორც წარიმართა მისი საქმიანობა, რა შედეგები დაიდო, ეს არის თავიდან ბოლომდე ოპოზიციის პასუხიმგებლობა. ჩვენ ხუთი წევრი გვყავდა, მათ ცხრა, ასე რომ, ამაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.

იტვირთბა....