გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილი ორი ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე და მაკა აბულაძე, ტელეკომპანია “იმედში” გასაუბრების გამო გაათავისუფლა.
როგორც “მეტრონომს” ხუზმიაშვილმა განუცხადა, მას ჟურნალისტები არ გაუთავისუფლებია და უბრალოდ, შენიშვნები მისცა.
“ამ დროისათვის არცერთი ჟურნალისტი გაშვებული არ არის, მიცემული აქვთ შენიშვნები და თუ არ გამოცხადდებიან სამსახურში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებ. ჟურნალისტი, როცა იტყუება და ატყუებს საკუთარ ხელნძღვანელობაას, ძალიან ძნელია, რომ შემდეგ მათ მაყურებელმა დაუჯეროს”, – განაცხადა ხუზმიაშვილი.
ხუზმიაშვილის თქმით, ის ძალით სამსახურში ვერავის ატარებს.
“არავინ არ არის გაშვებული, ორივე ჟურნალისტს მიცემული აქვთ შენიშვნა. მეორე დღეა სამსახურში არ დადიან. თუ გადასვლა უნდათ სხვა არხზე, ან უნდა მითხრან, რომ გადადიან, ან უნდა მითხრან, რომ არ გადადიან. მე ძალით სამსახურში ვერავის ვატარებ. თუ მოსწონთ ტელეკომპანია “იმედი” – მიბრძანდნენ. დამიტოვეთ უფლება, რომ შენიშვნა მივცე ადამიანებს, რომლებიც იტყუებიან, რომ ცუდათ ვართო, სამსახურში არ მოდიან და რეალურად, არიან ტელეკომანია “იმედში” გასაუბრებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა?” – განაცხადა ხუზმიაშვილმა.
“მეტრონომი” ჟურნალისტებს ირაკლი ვაჩიბერაძესა და მაკა აბულაძეს დაუკავშირდა. მათი თქმით, ვახო ხუზმიაშვილი სიმართლეს არ ამბობს.
აბულაძის განცხადებით, დღის პროდუსერმა იცოდა, რომ “იმედში” მიდიოდა გასაუბრებაზე და იქიდან, ჩვეულებრივ მივიდოდა სამსახურში.
“ჩვენ ამ თემაზე რაიმე სახის საჯარო კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდით. ჩავთვალეთ, რომ ეს ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემა იყო, ვინაიდან ამ ტელევიიზაში მაინც გუშინდელ დღემდე ვმუშაობდით და პირველ რიგში, დამოკიდებულების ამბავია და არ გვინდოდა, კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ გევსაუბრა. თუმცა, რაც დღეს თქვენგან ვახოს განცხადება მოვისმინეთ, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ განცხადებას უნდა ვუპასუხოთ, რადგან ეს არის ტყუილი. ცუდად ყოფნაზე, ალბათ, ჩემზე აპელირებს, რადგან მე ნამდვილად ცუდად ვიყავი. ეს იყო სამშაბათი დღე, როდესაც ნამდვილად არ ვიყავი სამსახურში და ჩემმა პროდუსერებმა იცოდნენ. თუმცა, როდესაც ოთხშაბათს გამაგებინეს, რომ გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული, ჩემს პროდუსერს, რომელიც არის დღის პროდუსერი, მე თუ მეორე დღეს ვიქნებოდი კარგად, მივიდოდი “იმედში” გასაუბრებაზე, ეს დაკონკრეტებით იცოდა მან და გასაუბრებიდან სამსახურში მივიდოდი ჩვეულებრივ, როგორც მოიქცა იმ დღეს ჩვენი სამსახურიდან კიდევ სამი ადამიანი.
ამიტომ, აპელირება იმაზე, რომ ცუდად ვიყავი არის ტყუილი, აპელირება იმაზე, რომ არც ერთმა პროდუსერმა არ იცოდა, არის ტყუილი. დამალული არ ყოფილა მიზეზი თუ რატომ მივიდოდი გვიან სამსახურში. ესე არ ხდება, მე ძალიან კარგად ვიცი იმის ფასი თუ რა არის სამსხურში მუშაობა და კოლეგიალობა და იმ სამსახურის პატივისცემა, სადაც ვმუშაობ. თუმცა, ეს არის ტყუილი, რომელზეც გადავწყვიტეთ, პასუხი გაგვეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდით არც მე და არც ირაკლი. რაც შეეხება შენიშვნას – ეს არის მესამე ტყუილი. იმიტომ, რომ შენიშვნა არავის მოუცია. დამირეკა და დამცინავი ტონით მითხრა, რომ იმედია ძალიან ბევრი “იჩალიჩე”, რომ მანდ მიგიღონ, რადგან მე უკან არ დაგაბრუნებო. ვაჩიბერაძეს უთხრა, რომ არ დამენახო სამსახურშიო. დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ დასკვნა – ეს არის შენიშვნა თუ დამცირება და სამსახურიდან გაგდება”, – აცხადებს აბულაძე.
ვაჩიბერაძის განცხადებით კი, მას ხუზმიაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ სამსახურში აღარ მისულიყო.
“ტელეკომპნია “იმედში” გასაუბრებაზე ნამდვილად ვიყავი. 2 საათი პროდუსერისგან თავი გავითავისუფლე, მიზეზები ნამდვილად არ მითქვამს. ზუსტად 12 საათზე სამსახურში ვიყავი და სწორედ ამ დროს განხორციელდა ზარი და საინფორმაციოს უფროსმა მითხრა, რომ ის სახლიდან სამსახურში მოდიოდა და მე მას “იბერიაში” აღარ უნდა დავხვედროდი” – განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერიძემ.