რომელი უფრო ადრე გაჩნდა ქვეყანაზე კვერცხი თუ ქათამი?! ამ ლოგიკით და პათოსით შეგვიძლია დავსვათ ანალოგიური კითხვა, რომელი უფრო ადრე არსებობდა ცისარტყელა და თუ მის ფერებში გადაწყვეტილი ლგბტ ლოგო? როდის უნდა აღვიქვათ ეს ფერადოვნება ლგბტ ლოგოდ და როდის ცისარტყელად? კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონი უნდა, მგონი ესაა აქ ყველაზე მთავარიც და კარგი გამოსავალიც.
რამ დამაფიქრა კვერცხისა და ქათმის გაჩენის ამბავზე მოგახსენებთ.
ფეისბუქგვერდმა „დედაქალაქი“ გამოაქვეყნა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 152 ბაღის ფანჯრები, რომელსაც ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი ფარდა-ჟალუზი ამშვენებს.. ჰოდა, კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონი უნდა, ეს ტყუილად არ მიხსნებია ზევით. რატომღაც ამ გვერდმა და ინტერნეტმომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს ლგბტ ოფისი უფროა, ვიდრე ბაღი, შესაბამისად, პოსტს ამავე შინაარსიც მინაწერიც გაუკეთეს..
“დედაქალაქის” მომხმარებლის მიერ მოწოდებული ფოტო – თბილისის 152 ბაღი.
რა ხდება ? ბაღია თუ ლგბტების ოფისი“ – ასეთი მინაწერი ერთვის ფოტოს.
პოსტს არ დააკლეს სალანძღავი სიტყვები, ბავშვების გამრყვნელ დაწესებულებადაც მონათლეს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენაც მოუწოდეს.
მომხდარი ფაქტი, უყურადღეოდ არ დაუტოვებია ბაღების მართვის სააგენტოს პიარ-მენეჯერს ნინო გულბათაშვილს, მან თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა :
„ამ გვერდის ადმინი არის საბრალო, რადგან მას აქვს გვერდი „დედაქალაქი“ და შუა აბაშიძეზე აშკარად წლებია არ გაუვლია, რადგან ჩვენი ლამაზი ბაღის ფოტო “მომხმარებელს” მიუწოდებია.
მისი მეორე პრობლემა არის ის, რომ ვიღაც პლებე მომხმარებლის ფოტო აიტაცა და სასწრაფოდ გამოაქვეყნა, როგორც დედაქალაქის სირცხვილი და სკოლამდელი განათლების სისტემის კრახი და მავნებლობა, რადგანაც ჩვენ თურმე ბაღებში ხელს ვუწყობთ პ…ტი თაობის ჩამოყალიბებას.
ამ გვერდის ადმინი და მისი აზროვნებაშეზღუდული ამქარი კიდევ იმიტომ მეცოდება, რომ მათ აშკარაა ბავშვობა არ ჰქონიათ, არც უმღერიათ ცისარტყელაზე, არც წვიმის მერე ცაზეგადაჭიმული ფერადი სარტყელი უნახავთ და არც საბავშვო წიგნები წაუკითხავთ, სადაც უამრავი ფერადი სურათია, არც ფერადი ფურცლები უნახავთ აპლიკაციების გასაკეთებლად.
ჩვენ უჭკვიანეს პატარებს კი ვუსურვებ ყველაზე ფერად, ყველაზე მხიარულ და ყველაზე ბედნიერ ბავშვობას და კიდევ უფრო ბედნიერ, ჯანმრთელ და წარმატებულ მომავალს.
აი ასე.
ციცი ომანიძე
mshoblebi.ge