პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც უმრავლესობას “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები წარმოადგენენ, მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია კომისიის დასკვნის რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.
“დანაშაულის ნიშნები არსებობს მირზა სუბელიანის მიმართ. ეს არის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა კომისიისთვის, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით, მოწმეზე ზემოქმედების მიმართულებით და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.
შეგახსენებთ, შს მინისტრის მოადგილის განცხადების მიხედვით:
“2018 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი მოზარდი – მათგან ერთი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო მეორე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
2017 წლის 01 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული ორი და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ხუთი პირი.
მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს.
რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”.