ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საგამოძიებო კომისია: “სუბელიანის გამოჩენის შემდეგ ხორავას საქმე ტენდენციურად წარიმართა”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა, სადაც მირზა სუბელიანის შესახებ წერია, რომ სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.

დასკვნის თანახმად, მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები: “ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში – ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება”, – წერია დასკვნაში.

დარღვევებს შორის კომისია განსაკუთრებით შემდეგ საკითხებს გამოყოფს:

– გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანს, მის ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

– გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

– გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება – მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. “ტარის” ქონა და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება;

კომისიის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი და დადგენილი არ არის ფარდულის (შემთხვევის ადგილის) სიმაღლის, სიგანის და სიღრმის ზუსტი ზომები. “ამასთან, გამოძიებამ არ შეინახა და არ დაიცვა ფარდული, რომლის დემონტაჟის გამო გართულდა საგამოძიებო ექსპერიმენტის სრულფასოვნად ჩატარება და დანაშაულის ჩადენის სურათის სრული სურათის აღდგენა.”

ასევე კომისიის დასკვნის თანახმად, გამოძიებას არ დაუთვალიერებია პეტრიაშვილის N18/ხორავას N26-ში მდებარე მეორე შემთხვევის ადგილი (ონკანიანი ეზო), სადაც ხორავას 4-იდან გამოქცეული მოზარდები შეიკრიბნენ, ისაუბრეს მომხდარის შესახებ, გარეცხეს დანა და ჩამოიბანეს სისხლი. “ამ საქმისთვის მნიშვნელოვან ადგილზე არ გაუყვანიათ ექსპერტ-კრიმინალისტები, არ აუღიათ ნიმუშები და არ დაუკითხავთ პეტრიაშვილის N18/ხორავას N26-ის არცერთი მცხოვრები”. კომისიის წევრების განცხადებით, გამოძიებას ასევე არ ამოუღია სხვადასხვა ვიდეოჩანაწერი.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების მიხედვით ასევე დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელ ფიგურანტს – მ.კ.-ს ხელშ ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს: “საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს”, – წერია დასკვნაში და ნათქვამია, რომ ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა კომისიის შექმნამდე პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს დეტალი.

1 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრების ფრაგმენტი, რომელშიც, მათი განმარტებით, ჩანს რა ხდებოდა ჩხუბის დროს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის მეორე ნაწილი 2 სექტემბერს გამოაქვეყნა. დასკვაში ძირითადად ლაპარაკია სკოლებში უსაფრთხოების პრობლემებზე. კომისიამ მუშაობის შედეგად შეისწავლა 51-ე და 1 ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობა, მოსწავლეებს შორის ინციდენტის წარმოშობის მიზეზები, მათზე რეაგირება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლააწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწნოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.

იტვირთბა....