ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა იყო ვიდეოზე, რომელიც ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიის სხდომაზე აჩვენეს

ხორავას ქუჩის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება პროკურატურის მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობაში აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას როლს.

“მ.კ–ს მსხვერპლი ხელით ეჭირა და მეორე ხელით ურტყამდა, რაც წარმოადგენს საფუძველს, რომ მას წარედგინოს ბრალი ჯგუფურად მკვლელობაში. თუმცა კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა არაერთი ჩვენება, რომლითაც დასტურდება მ.კ–ს მხრიდან არა ცარიელი მუშტის დარტყმა, როგორც ამას პროკურორი ფხაკაძე მიუთითებს სასამართლოს დასკვნით სიტყვაში, არამედ გარკვეული საგნის ქონა და ამ საგნის გამოყენება დავით სარალიძესთან ჩხუბის დროს. მტკიცებულებების მიხედვით და ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა: 1) მ.კ–მ აღნიშული საგანი 51–ე სკოლის წინ შეკრებისას აჩვენა მის მეგობრებს; 2) მან გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას აღნიშნული საგანი და ჩხუბის შემდგომ მან კვლავ აჩვენა ეს საგანი მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ კომისიამ შეისწავლა ვიდეომასალა, რომელ ვიდეო–მასალაშიც ჩანს თუ როგორ აჩვენებს მ.კ აღნიშნულ საგანს თავის მეგობრებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნაჩვენები იყო ვიდეომასალა, რომელიც როგორც კახიძე ამტკიცებს, ხელმისაწვდომი იყო გამოძიების საწყის ეტაპზევე საქმის მწარმოებელი გამომძიებლისთვის.

“პროკურატურამ არ დააფიქსირა მ.კ–ს მხრიდან აღნიშნული საგნის ჩვენების ფაქტი. ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში, კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი, რომელიც ბატონმა ირაკლი ნადირაძემ წარმოადგინა სხდომაზე და ეს ესკიზიც არის დამატებითი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მ.კ–მ დავით სარალიძის წინააღმდეგ გამოიყენა გარკვეული საგანი. ამ საგანს შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირი ან არ ჰქონოდა ეს მჭრელი პირი, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობა ამის ცალსახა დასკვნის საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ, კომისია, ცხადია, ხელმძღვანელობს იმ მტკიცებულებათა სტანდარტით, რომელიც არის საქმეში წარმოდგენილი და ეს საკითხი ამ შემთხვევაში ღიად გვაქვს დატოვებული. თუმცა, ბრალდების კვალიფიკაციისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც მსხვერპლს აყენებენ მრავლობით, მათ შორის სასიკვდილო დაზიანებებს და ამ დროს ერთ–ერთი ფიგურანტი ხელით იჭერს მსხვერპლს და მას ურტყამს გარკვეულ საგანს, ეს არის აგრეთვე მონაწილეობა ჯგუფურ მკვლელობაში. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გასცა მუშაობის პირველ ეტაპზე არათუ ძალაშია, არამედ გამყარებულია მრავლობითი მტკიცებულებებით, რომელიც ადასტურებს, რომ მ.კ–ს ჰქონდა საგანი, რომელიც დავით სარალიძის წინააღმდეგ გამოიყენა“, – დასძინა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, რომელშიც სკოლოს მოსწავლეები მონაწილეობდნენ, 2 ახალგაზრდა დაიღუპა.

იტვირთბა....