ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საპატრიარქო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. დაუჭერს თუ არა მხარს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მსოფლიო პატრიარქის მსგავსდ, უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიას, ჯერ უცნობია.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაცია ბერძნულენოვანი გამოცემა ორთოდოქსია-ინფოს საშუალებით გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ბართლომეოს პირველმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა და პირადად რუსეთის პატრიარქ კირილს აცნობა, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

სექტემბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეხვედრა უნდა გაიმართოს, რომელზეც შესაძლოა, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილონ. თუმცა, დღის წესრიგში ამ თემის შეტანას მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

თეოლოგების აზრით, მთელი მსოფლიო ისტორიული მოვლენის წინაშე იმყოფება. მათი თქმით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იძულებული იქნება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ავტოკეფალიას.

„თუკი საქართველოს ეკლესია განაცხადებს უარს, ვითომდა იმ მოსაზრებით, რომ არსებობს კანონიკური ქაოსი და პოლიარქია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეპარქიებში, ეს არ იქნება რელევანტური და იურდიულად მართებული, რადგან რუსეთს არ გააჩნია კანონიკური და სამართლებრივი ბერკეტი, რომ აღიაროს აღნიშნულ მიწებზე ეკლესიათა ავტოკეფალურობა,“ – განაცხადა თეოლოგმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, გიორგი ტიგინაშვილმა.

თეოლოგები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საპატრიარქო ჯერ სხვა ეკლესიების გადაწყვეტილებას დაელოდებიან და ამის შემდეგ დაუჭერს მხარს უკრაინის ავტოკეფალიას.

„ერთი აზრი ამ თემასთან მიმართებაში ვერ იქნება, ზოგიერთს საფრთხეები შეიძლება, უფრო მეტად ჰქონდეს გათავისებული, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, წმინდა სინოდში არიან საღად მოაზროვნე ადამიანები და მეუფეები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას იმ ისტორიულ მომენტში, როდესაც ეს იქნება საჭირო, რომელიც აღადგენს უკრაინის ეკლესიასთან მიმართებაში ისტორიულ სამართლიანობას,“ – განაცხადა ჟურნალისტმა, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა, გოჩა მირცხულავამ.

რუსთავი 2

იტვირთბა....