ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვისი მარჯვენა ხელიც არის ეს ბნელი “პატრიოტები”, ვიცე-სპიკერია, გამოეხმაურა? გარიცხა? დასაჯა?”

ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ მორიგ კამპანიას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეხმაურება.

“ინტერეტ-ბულინგი ჩემთვის უცხო არ არის. ასიათასჯერ ვყოფილვარ მისი ობიექტი. უმეტეს შემთხვევაში ვაიგნორებ, ვატარებ, თუ სუპერ უზრდელობაა ვშლი. ხან დავცინი. გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. ეს იმდენჯერ მოხდა უკვე, მათ შორის სოცქსელებამდე ეპოქაშიც რომ ხშირად მაინცდამაინც არ მანერვიულებს არც ჩემს და არც სხვის ვოლზე.
დარწმუნებული ვარ გურამ კაშია ამ ამბავს ადვილად გაუძლებს და აიტანს. ისევე როგორც ბევრი სხვა უძლებს და იტანს. საჯარო სივრცეში მყოფებს, მათ შორის ფეხბურთელებსაც, სამწუხაროდ კიდევ დიდხანს მოგვიწევს სიბნელისთვის თვალებში ჩახედვა.

მაგრამ მუქარა, ბულინგი, შსს, უსაფრთხოების სამსახურები, დაუსჯელობა, კანონი, სამართლიანობა, დაცულობა, ეს ცარიელი სიტყვები, როდესაც ერთმანეთთან კავშირი არ დგება და სახელმწიფო არ მოქმედებს.
კიდევ უფრო ცარიელი სიტყვები ქვეყანაში, სადაც ამ ამბების შემოქმედებს პარლამენტში ვირჩევთ. ის ვისი მარჯვენა ხელიც არის ეს ბნელი “პატრიოტები”, ვიცე-სპიკერია, გამოეხმაურა? გარიცხა? დასაჯა? რაო ჟურნალისტებმა ჰკითხეს რამე? მოსთხოვეს პასუხი?
არაა პრობლემა, მოძალადე ბნელს 2020-ში პარლამენტში ავირჩევთ ალბათ და უფრო ბედნიერად იცხოვრებს გურამ კაშიაც და აქ მოკაკუნეთა უმრავლესობაც.” – წერს ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

შეგახსენებთ, გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით „გურამ შენთან ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ეს კაშიაზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა არაა. მის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია ქართული მარშის ორგანიზატორობით მაშინაც დაიგეგმა, როცა გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ ვიტესში თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას, დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა.

“მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს ჩვენი კულტურა. მე ნამდვილად რელიგიური ადამიანი ვარ. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე ვარ ყველაზე ამაყი ადამიანი დედამიწაზე. ჩემს გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგახართ, ბოდიში და ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ,” – წერს გურამ კაშია.

„დიდი პატივია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია გაჯილდოებს, როგორიც უეფაა. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლაც ამაყი ვარ ამ ჯილდოთიო. დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და იმედი მაქვს, ჩემი ქვეყნისთვისაც. უეფა ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას ანიჭებს, რაც ძალიან კარგია. მე ყოველთვის ვიქნები ადამიანების თანასწორობის მხარეს მოედანზეც და მოედნის გარეთაც. მე მართლაც ამაყი ვარ და ძალიან მაგარია, რომ ამ ჯილდოს ვიღებ,“ – განაცხადა გურამ კაშიამ.

იტვირთბა....