დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები – მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე გამოძიება წრეზე ტრიალებს და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით, შესაძლოა, მან წინ წაიწიოს.
“ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს”,- აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.