დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება. კანონის მიხედვით, დღეიდან შედის ძალაში შეზღუდვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მედიისთვის არის დადგენილი.
პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აკრძალულია.
კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, – ამის შესახებ განმარტება ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.
მისი თქმით, რაც ეხება წინსაარჩევნო კამპანიას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე, 60 დღით ადრე. ანუ, 29 აგვისტოდან.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.