დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Twitter-ს და კომპანია Google-ს მოუწოდა, ფრთხილად მოიქცნენ საძიებო სისტემაში მის შესახებ ახალი ამბების ასახვის დროს.
ასეთი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა FIFA-ს ხელმძღვანელთან შეხვედრისას გააკეთა.
„ნახეთ რას აკეთებს Google, რა ხდება Twitter-ზე და Facebook-ზე. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, როგორ ეპყრობიან ხალხს. მივიჩნევ, რომ Google, Twitter და Facebook ძალიან სახიფათო გზას დაადგნენ და ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.
არ დააყოვნა Google-მა. მან პასუხი გასცა ტრამპის ბრალდებას.
„როდესაც მომხმარებლები კრეფენ მოთხოვნას საძიებო ფანჯარაში, ჩვენი მიზანია, მათ წამებში მიიღონ პასუხები. ძიება არ გამოიყენება იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ Google-ის ძიების გასაუმჯობესებლად და არასოდეს მოვახდენთ ძიების შედეგების რანჟირებას პოლიტიკური განწყობებით მანიპულირებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ Google-ის საძიებო სისტემა მის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას პირველ რიგში „ფეიკ“ მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს აჩვენებს.