ბათუმის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი მირდატ ქამადაძე ინიციატივით გამოდის, რომ ლერმონტოვის ქუჩას ბათუმში ეწოდოს სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი.
ინიციატივის განხილვას იგი ბათუმის საკრებულოში აპირებს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„ლერმონტოვის ქუჩა იმიტომ, რომ სიმბოლურია ქუჩებისთვის სახელის დარქმევა. ლერმონტოვი არ გამოირჩეოდა ქართველების დიდი სიყვარულით, ეს ცნობილია, ხოლო მაკკეინის დამსახურება საქართველოს წინაშე ყველამ იცის. მარტო ის რად ღირს, როცა აგვისტოს ომის დროს თქვა: დღეს ყველა ქართველები ვართ“, – გვითხრა მირდატ ქამადაძემ.
შეგახსენებთ, რომ სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სენატორმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდიოდა.