ელექტრონული მუსიკი ფესტივალის Anaklia EchoWaves-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ხატია გელოვანმა განაცხადა, რომ ფესტივალი მომავალ წელსაც ჩატარდება. მისი ინფორმაციით, ფესტივალის სამომავლო გეგმებზე საუბარი დაწყებულია და დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შემოქმედებითი ჯგუფი 2019 წლის გეგმებს შეიმუშავებს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„საუბარი მიდის ფესტივალის მომავალ წელს ჩატარებაზე და დაგეგმარების პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც სცენების დემონტაჟი მოხდება. შემოქმედებითი ჯგუფი დაისვენებს და სულ მალე უკვე შემდეგი წლისთვის დავიწყებთ მზადებას,- განაცხადა გელოვანმა.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში გუშინ დაიხურა . EchoWaves-ი 23 დან 26 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველი მსმენელის წინაშე 4 დღის განმავლობაში 150-მდე უცხოელი და ქართველი დიჯეი წარდგა.
„გვჯეროდა, რომ ბევრი ადამიანი მოვიდოდა, რადგან ჟანრობრივად არტისტების მართლა განსხვავებული სეგმენტი გვყავდა ათვისებული. საბოლოო ჯამში ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა სტუმრების რაოდენობამ, 12 500 -მდე ადამიანი სტუმრობდა ფესტივალს ყველაზე აქტიურ პერიოდში. ნამდვილად არ ველოდით და ვერც წარმოგვედგინა. ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი შედგა“,-განუცხადა პირველ არხს ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
EchoWaves-ი 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის ქოლგის ქვეშ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.